Posts tagged “გრამატიკული ასპექტები

გრამატიკული ასპექტი თარგმანში

მოყვარულის თუ პროფესიონალის დონეზე სწავლობთ ენას, გრამატიკის ცოდნას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა სიღრმისეულად სწავლა მოგიწევთ უფრო მეტად მაშინ თუ კი გსურთ მიაღწიოთ პროფესიონალის დონეს შესაბამის სფეროში.

არ აქვს მნიშვნელობა სკოლაში ასწავლით, უნივერსიტეტში თუ თარჯიმანი ხართ, სიტყვების მარაგი და მდიდარი ლექსიკა თავისთავად მნიშვნელოვანია და მისი გამდიდრება ყოველდღიური მუშაობის პრეროგატივაა, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოთ გრამატიკულ ასპექტებზეც, მის გარეშე ხომ უბრალოდ ვერ გამოიყენებთ არსებულ ცოდნას, ან თუ გამოიყენებთ, მხოლოდ შეცდომებით.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ლექსიკა, სანამ გრამატიკის განკარგულებაში გადავიდოდეს, ერთგვარ უძრავ ქონებას წარმოადგენს და მხოლოდ გრამატიკული დამუშავების შემდეგ იძენს საკომუნიკაციო ღირებულებას და იქცევა მეტყველებად.

გრამატიკა თავის მხრივ, როგორც გარკვეული მორფოლოგიური და სინტაქსური კატეგორიების ერთობლიობა, როგორც გარკვეული წესების კრებული, ზოგადად ადამიანის აზროვნების ნაყოფია და ძირითადად ერთნაირია ყველა ენაში. თუმცა, ცხადია, ამა თუ იმ ენის გრამატიკას მხოლოდ ამ ენისთვის დამახასიათებელი ნიშან–თვისება აქვს.

ინგლისური და ქართული გრამატიკული სისტემების ზოგადი შეპირისპირებითი ანალიზი დაახლოებით ასეთ სურათს გვთავაზობს:

როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ არსებით სახელს 2 გრამატიკული გატეგორია აქვს, ესენია: რიცხვი და ბრუნვა. გრამატიკული სქესის კატეგორია ამ ენებისთვის უცხოა. განსხვავება გვაქვს ამ ენების ბრუნებათა სისტემებში. კერძოდ, ქართულს 7 ბრუნვა აქვს, ინგლისურს კი მხოლოდ 2 და ისიც ისეთ თავისებურებებს ავლენს, რომ ზოგი გრამატიკოსი საერთოდ უარყოფს მის არსებობს. საფუძვლად ასახელებს იმას, რომ ამ ბრუნვაში ჩაისმის არა მხოლოდ ცალკეული სიტყვა, არამედ შესიტყვება და მთელი წინადადებაც კი. მაგ.:

Bob and Jane’s wish.

The man there came yesterday’s son is my friend.

რაც შეეხება სხვა ქართული ბრუნვების მნიშვნელობებს, ისინი ინგლისურში გადმოიცემა ერთი და იგივე საზოგადო ბრუნვით სხვადასხვა წინდებულების დახმარებით ან/და სიტყვათა ადგილმდებარეობით წინადადებაში. მაშასადამე, არსებითი სახელების თარგმნა ამ ენებიდან ურთიერთში, არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს.

როდესაც ერთხელ უკვე გამოყენებული  არსებითი სახელის ნაცვლად გამოიყენება პირის ნაცვალსახელები, სადაც 3 სქესი გაირჩევა, ჩვენ ამ ნაცვალსახელებსაც ძალიან ხშირად არსებითი სახელებით ვთარგმნით თუ არ გვინდა რომ დაიკარგოს სქესის გამოხატვის ფაქტორი.

ზედსართავ სახელებს, რიცხვით სახელებს და ზმნიზედებს შორის კარდინალური განსხვავებები არ აღინიშნება, გარდა იმისა, რომ ინგლისურში არსებობს ე.წ. მდგომარეობის აღმნიშვნელი სახელები, როგორიცაა asleep, awake, afraid, რომლებიც ინგლისურში მხოლოდ პრედიკატივის როლში გვევლინებიან, მათი შესატყვისი ქართული ზედსართავი სახელები კი მხოლოდ განსაზღვრებად გამოიყენებიან ან/და მათი თარგმნა ხდება შესაბამისი ზმნების გამოყენებით; მაგ.:

Tom is asleep – თომს ძინავს.

Kate is awake – ქეითს ღვიძავს.

მთავარ შეუსაბამობას ინგლისური და ქართული გრამატიკების შეპირსპირებისას ჩვენ ვხედავთ დროთა სისტემებში. კერძოდ, ქართული წინადადება “მე ვკითხულობ” ინგლისურად სამ ვარიანტად ითარგმნება:

1. I read.

2. I am reading.

3. I have been reading.

განგრძობითობის გამოხატვა შეგვიძლია სხვადასხვა ზმნიზედების მოშველიებით ან/და სხვადასხხვა სიტყვებით.

მამაჩემი ყოველდღე დაფრინავს ნიუ იორკში.

My father flies to New York everyday.

My father always flies to New York.

He is flying to New York today – ის დღეს მიფრინავს ნიუ იორკში.

My son goes to school everyday except weekends  -

ჩემი ვაჟი ყოველდღე დადის სკოლაში, გარდა შაბათ–კვირისა.

My son is going to school now. – ჩემი ვაჟი სკოლაში მიდის.

განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ინგლისური perfect-ის ქართულად თარგმნის საშუალებები. perfect-ის დროები ქართულად შეიძლება ითარგმნოს შესაბამისი აწმყო, წარსული და მომავალი დროების ფორმებით, მაგ.:

Julie has read this book. 

1. ჯულიმ უკვე წაიკითხა ეს წიგნი.

2. ჯულის წაუკითხავს ეს წიგნი. (თურმე)

3. მას წაკითხული აქვს ეს წიგნი.

ბოლო წინადადებაში იგივე შემადგენლობა გვაქვს რაც ინგლისურში ანუ გვაქვს ზმნა have-ის და ძირითადი ზმნის წარსული დროის მიმღეობის კომბინაცია. ესე იგი  აქ ჩვენ საქმე გვაქვს ფორმისა და მნიშვნელობის სრულ თანხვედრასთან, რადგან, როგორც ინგლისურში, ასევე ქართულში მნიშვნელოვანია არა მოქმედების შესრულების დრო, არამედ ფაქტის აღნიშვნა, მოქმედების შედეგის ხაზგასმა და არა თვით მოქმედებაზე ყურადღების გამახვილება, რა შემთხვევაშიც საჭირო იქნებოდა შესრულების დროის მითითებაც.

გაგრძელება მომავალ პოსტში ;)  


Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 3,875 other followers