Posts tagged “ინგლისური ენის გრამატიკა

გრამატიკული ასპექტი თარგმანში (გაგრძელება)

ვაგრძელებთ წინა პოსტში დაწყებულ თემას და ვსაუბრობთ ქართული და ინგლისური ენების გრამატიკული ასპექტების თანხვედრის ან შეუსაბამობის შესახებ, ამ ენებიდან თარგმანის დროს.

ქართულ კონსტრუქციებში, მოქმედებით გვარში გარდაუვალი ზმნის მიმღეობასთან იხმარება არა “have”, არამედ “be”, რაც ინგლისურშიც შემორჩენილია გადაადგილების აღმნიშვნელ ზმნებთან. მაგ.:

He has gone.

He is gone.  – ის წასულია

რაც შეეხება ვნებით გვარს, ქართულ კონსტრუქციაში ხდება ინგლისური სრული და განუსაზღვრელი დროების ერთ ფორმად ნიველირება, ე.ი. ერთნაირად თარგმნა.

მაგ.: I have been invited to the restaurant.  –

მე დაპატიჟებული ვარ რესტორანში.  მე დამპატიჟეს რესტორანში.  

ქართული ენის თავისებურება, კერძოდ ის, რომ ჩვენ გვაქვს ზოგი ზმნის ორი წარსული მიმღეობა, ინგ. თარგმანში ნიველირდება. მაგ.:

The milk has been boiled – რძე უკვე ადუღდა = რძე ადუღებულია = რძე ანადუღარია. 

ე.ი. აწმყო და წარსული დროის თარგმანებში, როგორც ვხედავთ ფიგურირებს:

1. ჩვეულებრივი აწმყო, წარსული და მომავალი დროის ფორმები, წყვეტილი;

2. I და II თურმეობითი;

3. ინგლისური პერფექტული კონსტრუქციის ბადალი ქართული კონსტრუქცია.

მაგრამ, როგორც ვიცით მომავალი თურმეობითი არ არსებობს და მომავალი დროის თარგმანებში თურმეობითი კომპონენტი არ არსებობს. მაგ.:

The boy has done his lessons.

1. ბიჭმა უკვე ისწავლა გაკვეთილები.

2. ბიჭს უსწავლია გაკვეთილები.

3. ბიჭს ნასწავლი აქვს გაკვეთილები.

The boy had done his lessons, when we came.

1. ბიჭმა უკვე ისწავლა, სანამ ჩვენ მივიდოდით.

2. ბიჭს გაკვეთილები ესწავლა, სანამ ჩვენ მივიდოდით.

3. ბიჭს ნასწავლი ჰქონდა გაკვეთილები, ჩვენ რომ მივედით.

The boy will have done his lessons, when we came.

1. ბიჭი ისწავლის სანამ ჩვენ მივალთ.

2. არ არის.

3. ბიჭს ნასწავლი ექნება ჩვენ რომ მივალთ.

სპეციალური აღნიშვნის ღირსია ე.წ. მომავალი წარსულში დრო, რომელიც წარმოადგენს მომავალს არა აწმყოს პოზიციიდან, აწმყოსთვის, არამედ წარსულის რომელიმე წერტილისთვის.  ასეთივე დროის ფორმა გვაქვს ქართულშიც, ოღონდ მას კავშირებითი კილოს ფორმას უწოდებენ. მაგ.:

The child promised that he would not go out. (Future-in-the-past)

If the boy had the book, he would study. (subjunctive mood)

1. ბავშვმა პირობა დადო, რომ ის არ გავიდოდა გარეთ.

2. ბიჭს რომ წიგნი ჰქონოდა ის კარგად ისწავლიდა.

ე.წ. ეს ფორმა ინგლისურსა და ქართულში ერთნაირად ფუნქციონირებს, ერთ შემთხვევაში თხრობითი კილოს მომავალი დრო, მეორეში კი კავშირებითი კილოს ფორმა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ მომავალი წარსულში დროით აღნიშნული მოქმედება ისევ მომავალია ან კვლავ აწმყოა, მისი ქართულად თარგმანი სხვა ფორმებით ხდება. კერძოდ, წინადადება: “The man said that he would come on Monday” და ეს “ორშაბათი” ჯერ არ დამდგარა, ჩვენ მას ქართულად ვთარგმნით ჩვეულებრივი მომავალი დროის ფორმით, “კაცმა თქვა, რომ ის ორშაბათს მოვა”, ან თუ ეს ორშაბათი დღესაა, მაშინ “კაცმა თქვა, რომ დღეს მოდის აქ”.

ამგვარად ხედავთ, რომ ერთი ენიდან მეორე ენაზე თარგმნა საკმაოდ შრომატევადი საქმეა, მოითხოვს დიდ დროს და ენერგიას, ამოცანა განსაკუთრებით რთულდება, როდესაც ვთარგმნით ლიტერატურულ ნაწარმოებს, სადაც გარდა ლექსიკური, გრამატიკული ასპექტების თანხვედრაზე მუშაობისა, აუცილებელია ნაწარმოების ავტორის შესწავლა, მისი მოღვაწეობის პერიოდის, ეპოქის გაცნობა (მცირე დოზით ჩვენი თანამედროვე მწერლის ნაწარმოების თარგმნისას და დიდი დოზით გასული საუკუნეების მწერლების შემთხვევაში) და შემდეგ ამ ყველაფრის შესაბამისი და ადექვატური მორგება მასპინძელ ენაში.


გრამატიკული ასპექტი თარგმანში

მოყვარულის თუ პროფესიონალის დონეზე სწავლობთ ენას, გრამატიკის ცოდნას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა სიღრმისეულად სწავლა მოგიწევთ უფრო მეტად მაშინ თუ კი გსურთ მიაღწიოთ პროფესიონალის დონეს შესაბამის სფეროში.

არ აქვს მნიშვნელობა სკოლაში ასწავლით, უნივერსიტეტში თუ თარჯიმანი ხართ, სიტყვების მარაგი და მდიდარი ლექსიკა თავისთავად მნიშვნელოვანია და მისი გამდიდრება ყოველდღიური მუშაობის პრეროგატივაა, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოთ გრამატიკულ ასპექტებზეც, მის გარეშე ხომ უბრალოდ ვერ გამოიყენებთ არსებულ ცოდნას, ან თუ გამოიყენებთ, მხოლოდ შეცდომებით.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ლექსიკა, სანამ გრამატიკის განკარგულებაში გადავიდოდეს, ერთგვარ უძრავ ქონებას წარმოადგენს და მხოლოდ გრამატიკული დამუშავების შემდეგ იძენს საკომუნიკაციო ღირებულებას და იქცევა მეტყველებად.

გრამატიკა თავის მხრივ, როგორც გარკვეული მორფოლოგიური და სინტაქსური კატეგორიების ერთობლიობა, როგორც გარკვეული წესების კრებული, ზოგადად ადამიანის აზროვნების ნაყოფია და ძირითადად ერთნაირია ყველა ენაში. თუმცა, ცხადია, ამა თუ იმ ენის გრამატიკას მხოლოდ ამ ენისთვის დამახასიათებელი ნიშან–თვისება აქვს.

ინგლისური და ქართული გრამატიკული სისტემების ზოგადი შეპირისპირებითი ანალიზი დაახლოებით ასეთ სურათს გვთავაზობს:

როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ არსებით სახელს 2 გრამატიკული გატეგორია აქვს, ესენია: რიცხვი და ბრუნვა. გრამატიკული სქესის კატეგორია ამ ენებისთვის უცხოა. განსხვავება გვაქვს ამ ენების ბრუნებათა სისტემებში. კერძოდ, ქართულს 7 ბრუნვა აქვს, ინგლისურს კი მხოლოდ 2 და ისიც ისეთ თავისებურებებს ავლენს, რომ ზოგი გრამატიკოსი საერთოდ უარყოფს მის არსებობს. საფუძვლად ასახელებს იმას, რომ ამ ბრუნვაში ჩაისმის არა მხოლოდ ცალკეული სიტყვა, არამედ შესიტყვება და მთელი წინადადებაც კი. მაგ.:

Bob and Jane’s wish.

The man there came yesterday’s son is my friend.

რაც შეეხება სხვა ქართული ბრუნვების მნიშვნელობებს, ისინი ინგლისურში გადმოიცემა ერთი და იგივე საზოგადო ბრუნვით სხვადასხვა წინდებულების დახმარებით ან/და სიტყვათა ადგილმდებარეობით წინადადებაში. მაშასადამე, არსებითი სახელების თარგმნა ამ ენებიდან ურთიერთში, არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს.

როდესაც ერთხელ უკვე გამოყენებული  არსებითი სახელის ნაცვლად გამოიყენება პირის ნაცვალსახელები, სადაც 3 სქესი გაირჩევა, ჩვენ ამ ნაცვალსახელებსაც ძალიან ხშირად არსებითი სახელებით ვთარგმნით თუ არ გვინდა რომ დაიკარგოს სქესის გამოხატვის ფაქტორი.

ზედსართავ სახელებს, რიცხვით სახელებს და ზმნიზედებს შორის კარდინალური განსხვავებები არ აღინიშნება, გარდა იმისა, რომ ინგლისურში არსებობს ე.წ. მდგომარეობის აღმნიშვნელი სახელები, როგორიცაა asleep, awake, afraid, რომლებიც ინგლისურში მხოლოდ პრედიკატივის როლში გვევლინებიან, მათი შესატყვისი ქართული ზედსართავი სახელები კი მხოლოდ განსაზღვრებად გამოიყენებიან ან/და მათი თარგმნა ხდება შესაბამისი ზმნების გამოყენებით; მაგ.:

Tom is asleep – თომს ძინავს.

Kate is awake – ქეითს ღვიძავს.

მთავარ შეუსაბამობას ინგლისური და ქართული გრამატიკების შეპირსპირებისას ჩვენ ვხედავთ დროთა სისტემებში. კერძოდ, ქართული წინადადება “მე ვკითხულობ” ინგლისურად სამ ვარიანტად ითარგმნება:

1. I read.

2. I am reading.

3. I have been reading.

განგრძობითობის გამოხატვა შეგვიძლია სხვადასხვა ზმნიზედების მოშველიებით ან/და სხვადასხხვა სიტყვებით.

მამაჩემი ყოველდღე დაფრინავს ნიუ იორკში.

My father flies to New York everyday.

My father always flies to New York.

He is flying to New York today – ის დღეს მიფრინავს ნიუ იორკში.

My son goes to school everyday except weekends  -

ჩემი ვაჟი ყოველდღე დადის სკოლაში, გარდა შაბათ–კვირისა.

My son is going to school now. – ჩემი ვაჟი სკოლაში მიდის.

განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ინგლისური perfect-ის ქართულად თარგმნის საშუალებები. perfect-ის დროები ქართულად შეიძლება ითარგმნოს შესაბამისი აწმყო, წარსული და მომავალი დროების ფორმებით, მაგ.:

Julie has read this book. 

1. ჯულიმ უკვე წაიკითხა ეს წიგნი.

2. ჯულის წაუკითხავს ეს წიგნი. (თურმე)

3. მას წაკითხული აქვს ეს წიგნი.

ბოლო წინადადებაში იგივე შემადგენლობა გვაქვს რაც ინგლისურში ანუ გვაქვს ზმნა have-ის და ძირითადი ზმნის წარსული დროის მიმღეობის კომბინაცია. ესე იგი  აქ ჩვენ საქმე გვაქვს ფორმისა და მნიშვნელობის სრულ თანხვედრასთან, რადგან, როგორც ინგლისურში, ასევე ქართულში მნიშვნელოვანია არა მოქმედების შესრულების დრო, არამედ ფაქტის აღნიშვნა, მოქმედების შედეგის ხაზგასმა და არა თვით მოქმედებაზე ყურადღების გამახვილება, რა შემთხვევაშიც საჭირო იქნებოდა შესრულების დროის მითითებაც.

გაგრძელება მომავალ პოსტში ;)  


Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 4,071 other followers