ცრემლიანი თარგმანები

უამრავი სახის თარგმანი არსებობს, არ ჩამოვთვლი, თუმცა მთელი ამ ხნის მანძილზე, რაც მთარგმნელი ვარ, ბევრჯერ მქონდა სათარგმნი, რომელიც უბრალოდ სათარგმნი მასალა არ ყოფილა, არც სათარგმნი და არც მასალა, რაღაც შენი, რაღაც ძალიან მტკივნეული და ზოგჯერ ცრემლიანი.

არ ვიცი სად წავიდა ჩემი ქვითინით და ნიკაპთან გამონასკვული ცრემლებით გადათარგმნილი თამაზ ნამგალაურის დედის, ქალბატონი თამარის წერილი, მივიდა თუ არა იაპონიაში ადრესატამდე, შეასრულა თუ არა თავისი დანიშნულება, მაგრამ ჩემთვის ამ ყველაფრის მოსმენა ძალიან შემზარავი და გულისმომკვლელი იყო, დედა რომელიც დაუსრულებლად ეძებდა სამართალს, რომელსაც სადღაც გულის სიღრმეში კვლავ სჯეროდა რომ მისი შვილი არ დაუხვრეტიათ, არ გაწირავდნენ ასეთი მაღალი დონის სპორტსმენს და ფიქრობდა რომ სადღაც გადახვეწეს და იქ ინკოგნიტოდ ცხოვრობდა; ცდილობდა მისი სახელის აღდგენას, მიმტკიცებდა მის უდანაშაულობს, მიყვებოდა ისტორიებს, მძიმე ბრალდების შემდეგ როგორ მოაშორეს ძიუდოს ემბლემას მისი ცნობილი ილეთის “გადავლების” გამოსახულება, ვისხედით და ორივე ვტიროდით, საშინლად ვტიროდით და ჩვენს გარშემო ყველა ტიროდა ჩვენი შემყურე . .

***

მეორე შემთხვევაც სპორტსმენს უკავშირდება. ერთ დღესაც ჩემო ოფისის კარი გაიღო და  ჩემს ხელში გარდაცვალების მოწმობა აღმოჩნდა . . .

ასაკი: 21 წლის

გარდაცვალების თარიღი: 12 თებერვალი, 2010 წელი

გარდაცვალების ადგილი: ვისტლერი

კი, მე ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალების მოწმობა უნდა მეთარგმნა, ოთახში კი ნოდარის მამა და ნათესავები იყვნენ, მელოდებოდნენ . . .

მომერიდა, თვალებისკენ უტიფრად წამოსულ ცრემლებს უკან კლავიატურისკენ ვექაჩებოდი, ვიხრჩობდი, ყელში გაჩხერილი ბურთი მახრჩობდა, თავი ჩავღუნე . . .

– “დამელოდეთ, დავამოწმებ და შემოვიტან” – ვერც ვიცანი ჩემი ხმა, თითქოს ბალიშით მგუდავდა ვიღაც.

მხოლოდ წასვლისას, თავს ძალა დავატანე, თავი ავწიე და დავემშვიდობე ამ ადამიანებს, უსიტყვოდ, სიტყვები რომლებიც ადგილს ვერ პოულობენ ამ დროს, ვერ ეტევიან ცრემლებთან და ემოციებთან ერთად და გარბიან უკან მოუხედავად.

***

დიაგნოზი: რაღაც გარდაუვალი უბედურების III სტადია ან IV სტადია, მომენტი, როდესაც ადამიანის უბედურება სტადიებით კლასიფიცირდება, მომენტი როდესაც უბედურებას დასხივება სჭირდება, ოპერაცია სჭირდება, გადანერგვა სჭირდება, ამოკვეთა სჭირდება სხვა უბედურებების გამოჩეკის რისკით.

ასეთი სამედიცინო საბუთები ჩემს ხელში მაშინ ხვდება, როდესაც პაციენტისთვის საქართველოში ყველა იმედის და სასწაულის მოხდენის რესურსი ამოწურულია და საზღვარგარეთ ეკონწიალებიან გადარჩენის უკანასკნელ ძაფს.

უბედურებამ არც ასაკი იცის, არც სქესი და არც სხვა არაფერი.

წლები ხედავ ადამიანს, რომელიც შენს გარშემო მკვირცხლად დარბის, მუშაობს, ცხოვრობს, სუნთქავს და ბედნიერობს. ერთხელაც, ისევ მკვირცხლად დასტა სამედიცინო დოკუმენტებით მოგადგება, ჯერ ფიქრობ რომ სხვის საბუთებს გიტოვებს, მერე კითხულობ რაღაც საოცრებებს, უყურებ დიაგნოზს და პაციენტის გვარს და სახელს, და არ გჯერა, ძალიან არ გჯერა, ვერ უკავშირებ დიაგნოზს და მკვირცხლ ადამიანს ერთმანეთს, აბსოლუტურად შეუთავსებელია, ფაქტი კი სასტიკად ჯიუტი, მე ხომ ხელთ სხვადასხვა დროს ჩატარებული და სხვადასხვა ტიპის კვლევების მთელი დასტა მიდევს თვალწინ, რომელიც უნდა ვთარგმნო.

ქვესკნელში მივყვები თითოეულ სიტყვას როდესაც დიაგნოზებს და კვლევებს ვთარგმნი, ვერც ავწონი და არც ვიცი რა დონის მნიშვნელობა აქვს თითოეული სიტყვის სწორად გადათარგმნას, რომელიც ზუსტად უნდა მივიდეს ადრესატამდე, იმ ექიმამდე რომელიც შემდეგ ამ ყველაფრის საფუძველზე მკურნალობის კურსს დაგეგმავს და ჩაატარებს.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც არც კი ვიცი, ვერც კი ვგრძნობ, სად იწყება და სად მთავრდება ჩემი პასუხისმგებლობის ზღვარი, ან აქვს თუ არა ეს ზღვარი საერთოდ, ვფიქრობ ისეთივე უსასრულო და უკიდეგანოა, როგორც კამკამა, ლურჯ ტბაში ჩაკიდებული მზის, ღრუბლების და ჭიუხების ანარეკლი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s