როგორ გვეხმარება ალკოჰოლი უცხო ენაზე ჭიკჭიკში? 

არ იფიქროთ, რომ ალკოჰოლი დაგეხმარებათ ელვის სისწრაფით მოუსმინოთ აუდიო-სასწავლო მასალას, შეასრულოთ წერითი დავალებები, გადაიკითხოთ წიგნები და ჩამოარაკრაკოთ ლექსიკონები. ალკოჰოლის მსუბუქად მიღება, მოგიხსნით იმ უხერხულობას, მორიდებას და შებოჭილობას, რაც თან ახლავს ახალ ენაზე ხმის ამოღების პროცესს, თამამად გადალახავთ რა, ნერვიულობის თუ ყოყმანის ფაზებს.

ფსიქოფარმაკოლოგიის ჟურნალში აწ უკვე ყბადაღებული ბრიტანელი და ჰოლანდიელი მეცნიერების კვლევა გამოქვეყნდა; კვლევაში მონაწილეობა მიიღო ორმოცდაათმა გერმანელმა, რომლებიც ჰოლანდიაში, მაასტრიხტის უნივერსიტეტში სწავლობდნენ.

თითოეულ მონაწილეს ჰოლანდიურ ენაზე 2 წუთიანი გასაუბრება დაევალა. გასაუბრებამდე, ნახევარს დაალევინეს წყალი, ხოლო მეორე ნახევარს ალკოჰოლური სასმელი მსუბუქი დოზით.

საუბრის ჩანაწერი შეაფასა ორმა ჰოლანდიელმა, რომლებმაც არ იცოდნენ, თუ რომელმა მონაწილემ მიიღო ალკოჰოლი და რომელმა წყალი. მათ დადებითად შეაფასეს ჩანაწერები. საერთო ჯამში, ჰოლანდიელებმა აღნიშნეს, რომ ალკოჰოლის ჯგუფის მონაწილეებს ახასიათებდათ საუბრის სისხარტე, კერძოდ კი, უკეთესი აქცენტი, წყლის ჯგუფის მონაწილეებთან შედარებით. რაც შეეხება გრამატიკის, ლექსიკის და მსჯელობის დონეს, ორივე ჯგუფში ერთნაირი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ამგვარად, კვლევის მიხედვით, ალკოჰოლი „ამცირებს ენობრივ მღელვარებას“ და ამასთან, შებოჭილობის მოხსნის ხარჯზე, ზრდის ცოდნის დონეს, უფრო სხარტად და თამამად გამოთქვამთ სიტყვებს, რაც აუმჯობესებს თქვენს აქცენტს.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ კვლევაში გამოიყენეს ალკოჰოლის დაბალი დოზა, რადგან, ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღებისას, მხოლოდ მშობლიურ ენაზე ლუღლუღს თუ გამორჩებით.

 

————–

იხილეთ TIME.com-ის სტატია სრულად ამ ბმულზე. 

 

დატოვე კომენტარი