ბევრი წელია სანოტარო მომსახურების ფასები უცვლელია.
რამდენადაც მახსოვს, პირველი ზრდა 2009 წელს დაფიქსირდა, როდესაც ერთიანი ელექტრონული სანოტარო რეესტრი დაინერგა და თითოეული სანოტარო მოქმედების ფასს დაემატა 2 ლარი. შემდეგ კიდევ დაიხვეწა და უმნიშვნელოდ დაკორექტირდა 2011 წელს და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.
თითქმის 12-13 წლიან პერიოდში, გარშემო ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის ფასები გაიზარდა სხვადასხვა მომსახურებაზე, იჯარაზე, კომუნალურ ხარჯებზე, სახარჯ-საოფისე მასალაზე – რაც საჭიროა ოფისის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის.
გარდა ამისა, ერთ-ერთი ცვლილებით, ნოტარიუსს მოსთხოვეს გამოყოფილი ფართები (თანაშემწე ცალკე, ნოტარიუსი ცალკე), რაც ძალიან სამართლიანი მოთხოვნა იყო, რადგან ნოტარიუსების უმრავლესობა თანაშემწეებთან და მოქალაქეებთან ერთად ერთ, საერთო ოთახში იყო ჩაბუდებული.
პანდემიის პირობებში, გარდა ცალკე გამოყოფილი ფართებისა, ნოტარიუსებს დაუწესეს კვადრატულობის მინიმუმები და სხვა მოთხოვნები (ბიუროს საერთო ფართობი იყოს არანაკლებ 30 კვ. მეტრისა).

ცხადია, ამ მოთხოვნებმაც გაზარდა ხარჯები.
რასაკვირველია, არც ამ შემთხვევაში, ისევე როგორც არც წინა შემთხვევაში, სერვისის ხარისხი არ გამოსწორებულა. უბრალოდ, ამჯერად, მოქალაქეები უფრო დიდ ოთახში ელოდებოდნენ თავიანთ რიგს, დიდხანს და დაუსრულებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ნოტარიუსი თავად ფარავს ყველა მიმდინარე ხარჯს, შეგახსენებთ, რომ ნოტარიუსს არ აქვს უფლება ღიად და საჯაროდ რეკლამა გაუწიოს თავის საქმიანობას, შესაბამისად, მას არ აქვს მოტივაცია იყოს კონკურენტული და განვითარებისკენ მიდრეკილი.
ასევე, გაზრდილ ხარჯებთან და დამატებით ვალდებულებებთან ერთად, ნოტარიუსების დაბალი მოტივაციის მიზეზია დაბალი სანოტარო ფასებიც. მაგ. ამჟამად, 1 გვერდის ასლის დამოწმება ღირს 50 თეთრი, ხოლო 1 გვერდიანი თარგმანის დამოწმება – 4 ლარი (+ ფიქსირებული 2 ლ. ელ. რეგისტრაციის). შესაბამისად, ნოტარიუსი ყველანაირად ცდილობს თავიდან აირიდოს ასლის დამოწმება, მაქსიმალურად აჯანჯლებს ერთგვერდიანი თარგმანების დამოწმების პროცესს, რადგან ზუსტად იგივე ხარჯი და შრომა უნდა გაწიოს, რაც სხვა მსგავსი აქტების მომზადებაში. ახალი ფასებით, 1 გვერდის ასლის დამოწმება ეღირება 9 ლარი, ხოლო ერთგვერდიანი თარგმანის დამოწმება – 11 ლარი (რასაც ემატება დღგ, თუ ნოტარიუსი დღგ-ს გადამხდელია).
ჩვენ, მთარგმნელებს, ნოტარიუსთან დასამოწმებლად შეგვაქვს სრულყოფილად გამზადებული დოკუმენტაცია, რადგან გვირჩევნია კლიენტი კმაყოფილი წავიდეს და ნაკლებად მივიდეს თავბედის წყევლის მდგომარეობამდე – ამიტომ უფასოდ ვაკეთებთ იმ საქმესაც, რასაც ნოტარიუსი და თანაშემწე უნდა აკეთებდნენ და მაინც ხშირად პროცესი დროში იწელება და დიდ სტრესთან არის დაკავშირებული.
რაც შეეხება ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაციას, იყო 2 ლარი და გახდა 5 ლარი, ე.ი. ყველა სანოტარო აქტს დაემატება + 5 ლარი.
დამეთანხმებით, ნახტომი დიდია. თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ ამჯერად ნოტარიუსი ნამდვილად მოგვემსახურება და იქნებ უფრო პროფესიონალურადაც, პატივისცემით, და ასევე, დაგვხვდებიან პროფესიონალი და სწრაფი თანაშემწეებით, რომლებიც სათანადო ყურადღებას მიაქცევენ ოფისში შემოსულ მოქალაქეს.
სანოტარო მომსახურების ძველი ფასები
(ჯერ კიდევ მოქმედია, ამიტომ, თუ რამე მოსასწრები გაქვთ, დაეშურეთ)

ახალი ფასები
ახალი ფასებით, მაგ. თუ დაგჭირდათ 10 გვერდიანი თარგმანის დამოწმება – ეღირება 45 ლარი + თუ ნოტარიუსი დღგ-ს გადამხდელია. რაც უფრო მატულობს გვერდების რაოდენობა, მით უფრო იკლებს ღირებულება. თუმცა, ეს ფასები არსებული ღირებულებისგან დრამატულად განსხვავდება.

თუ საქმე ეხება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ პირს, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს ან ვეტერანს რომელიც რეგისტრირებულია სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში – ასეთ შემთხვევაში, ვრცელდება შეღავათი.
ახალი ფასები უფრო ვრცლად – ლინკზე.
მოგიწოდებთ, მოითხოვოთ ხარისხი და შენელებული მომსახურების, უყურადღებობის, შეცდომების და ა.შ. შემთხვევებში, დარეკოთ ცხელ ხაზზე ან გენერალურ ინსპექციაში.
ნოტარიუსთა პალატის ცხელი ხაზი – 2 206 776
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზი 2 405 599