The Fury of Cocks

ჩანაწერის ავტორი: ვაკო ნაცვლიშვილი

—————————————–

1970-იანების დასაწყისში უკვე ასაკში შესული ჟან ჟენე ლურჯი პერანგითა და ჭუჭყიანი ჯინსებით კოლუმბიის უნივერსიტეტში ბლექ პანტერების დამცავი სიტყვით გამოდის. მისი ფრანგული მოკლე და ზომიერია. „შავები ყველაზე დაჩაგრული კლასია შეერთებულ შტატებში,“ – ამბობს. სტუდენტი, რომელიც მის გამოსვლას სინქრონულად თარგმნის, ინგლისურად იტყვის: „ამ დედამოტყნულ ბოზისგაგდებულ ქვეყანაში, სადაც რეაქციული კაპიტალიზმი ტყნავს განურჩევლად ყველას, მაგრამ…“ და სხვა. ჟენე ლაპარაკობს უმანკოდ და ზუსტად, მთარგმნელი აგრესიულად და ორნამენტულად.

ედვარდ საიდი იხსენებს ამ ამბავს წერილებში გვიანდელი სტილის შესახებ. გვიანდელი სტილი არ არის ავტორის სიცოცხლის უკანასკნელი წლების პირმშო. გვიანდელი სტილი არ არის ჰარმონია, შეთახმება, როგორც ხშირად გაიგება, არამედ უთანხმოება, შეურიგებლობა. ის არ არის სოფოკლეს ოიდიპოსი კოლონოსში. გვიანდელი სტილი ეს არის ბეთჰოვენის Missa solemnis, რომელიც ერთდროულად მოკლებულია სიტკობასა და სიმწარეს, რომელიც სიამოვნების სასარგებლოდ არაფერს თმობს (ადორნო), არაფერს თმობს რეალობის სასარგებლოდ. გვიანდელი სტილი მოდის გვიან, მაგრამ არ არის მოწიფულობა. გვიანდელი სტილია იბსენის „როცა ჩვენ, მკვდრები, აღვდგებით,“ ეს არის გაბრაზებული ხნიერი იბსენი, რომელიც სვამს კითხვებს, რომელთა პასუხები გვეგონა, ვიცოდით; გვთავაზობს დისჰარმონიას ჰარმონიის საპირისპიროდ. 

გასაგებია. ნაკლული თეორია, მაგალითების დამატება გაჭირდება. ან საერთოდ არ არის თეორია, რამდენიმე წინადადებით ვერ გადმოცემ, როგორც ჩომსკი ღლიცინებს. გვაინტერესებს კი თეორია? ისედაც, საიდმა ვერ დაასრულა, როგორც ამბობენ, თეორიად ვერ აქცია, უდროოდ მოკვდა საწყალი. ლიტერატურის დამწყები მოყვარული იტყვის: ამ თეორიის დასრულება დაუპირსიპირდებოდა თვითონ გვიანდელ სტილს; თეორია მოწიფულობაა, ჰარმონიაა, ხოლო გვიანდელი სტილი არ არის მოწიფულობა, კლასიკა არ არისო. ჟან ჟენეც გვიანდელი სტილის შეფარულ მაგალითად მოჰყავს საიდს, ის არ იყენებს იმ ლექსიკას, რომელსაც მისგან ელის მთარმნელი სტუდენტი, მაგრამ მაინც აჩვენებს შეუთანხმებლობას, გაბრაზებას.

შემთხვევით წავაწყდი „ახალი საუნჯის“ პირველ ნომერს, მხოლოდ გადავათვალიერე. გადასარევია – ყდაზე ენ სექსტონი, მალე ბერნადეთ მეიერსაც მიადგებიან. ფურცვლას ვაგრძელებ და ენ სექსტონის ლექსის სათაურს ვკითხულობ „ასოთა მძვინვარება.“ როგორც ირკვევა, მთარგმნელს სექსტონის მშვენიერი ტექსტი „The Fury of Cocks“ გადმოუქართულებია. მაგრამ დაუკვირდით, არა ყლეთა, არამედ ასოთა მძვინვარება!

ეს ტენდენცია განზოგადებას ექვემდებარება. ქართველი მთარგმნელები ისევ ცუდი და კარგი სიტყვების ბინარული ოპოზიციებით აზროვნებენ. სადაც „მუტელი“ ან „ფუჩური“ უნდა თქვან, იქ „საშოს“ ან „ნაპრალს“ იტყვიან, სადაც „ყვერები“ უნდა იყოს, იქ „კვერცხებს“ აღმოაჩენთ.

ქართული გინსბერგი ლადო ასათიანივით ლაპარაკობს, ჰანტერ ტომპსონი ოთარ ჭილაძესავით. ისინი ამით გვანან ჟენეს მთარგმნელ სტუდენტს: ამახინჯებენ სათქმელს. ქართველი მთარგმნელები რაღაც სახესხვაობის გვიანდელ სტილს აკეთებენ, აკადემიურ, მაგრამ ვულგარულ გვიანდელ სტილს, რომელიც, უკვე ამ კონტექსტში, უნდა განვმარტოთ, როგორც „ყლე-კი-ბატონო-რა პრობლემაა-მაგრამ-ასო-რო-იყოს-მაინც-უფრო-აკადემიურია.“

yle

დატოვე კომენტარი