Posts tagged “Summer school

თარგმანის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

საქართველოში, მთარგმნელები თითქმის არ ვართ “განებივრებული” თემატური სემინარებით, ფორუმებით, ტრენინგებით, განსაკუთრებით კი ლიტერატურული, სამეცნიერო თარგმანების მიმართულებით. ამ შემთხვევაში გამიმართლა, მეგობარმა ლინკი გამომიგზავნა თარგმანის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის შესახებ, სხვანაირად ალბათ ვერც გავიგებდი, ან ძალიან გვიან.

მითითებულ მისამართზე გავაგზავნე განაცხადი ინგლისური ენის მიმართულებით და დადებითი პასუხიც მალე მივიღე, ცოტა ხნის შემდეგ დავალებებიც გამომიგზავნეს, ლიტერატურული თარგმანი – ორი მოთხრობა ქართულიდან ინგლისურ ენაზე და ერთი სამეცნიერო ლიტერატურული ტექსტი – ამონარიდი კორნელი კეკელიძის ნაშრომიდან, ასევე ქართულიდან ინგლისურ ენაზე სათარგმნი. დავალების შესასრულებლად 25 აგვისტომდე მაქვს დრო.

რაც შეეხება თავად საერთაშორისო საზაფხულო სკოლას, სკოლის მასპინძელია ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი და ტარდება ასოციაცია CCU (კროს-კულტურული უნივერსუმი), GCLA-ს  (კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია) და შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის თანამონაწილეობით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.

სკოლა სტარტს 3 სექტემბერს აიღებს და დასრულდება 12 სექტემბერს. პროგრამის ფარგლებში გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე ქართული მხატვრული და სამეცნიერო ტექსტების პროფესიული თარგმნისთვის გამიზნული ლექციების, ვორქშოფებისა და სემინარების მოწყობა, აგრეთვე, პრაქტიკული სამუშაოების შესრულება უცხოური გამომცემლობებისათვის, შეხვედრა უცხოელ, ქართველ სპეციალისტებთან და ასევე ქართველ მწერლებთან. განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა „ქართული ლიტერატურული თარგმანები მსოფლიო ენებზე“, „ქართული ლიტერატურა და მსოფლიო ლიტერატურული პროცესი“ და ა.შ.

წარმატებები მე! 😀

 

 

Advertisements