Posts tagged “თარგმნა

აზერბაიჯანულ – რუსული ლექსიკონი [pdf]

ბლოგზე ვაგრძელებ წიგნების სერიის ატვირთვას და ამჯერად გთავაზობთ ბაქოს უნივერსიტეტის 2006 წელს გამოცემულ აზერბაიჯანულ-რუსულ ლექსიკონს PDF ფაილების სახით.

წიგნი I – A-D

წიგნი II – E-K

წიგნი III – Q-R

წიგნი IV – S-Z

 

Flag of Azerbaijan (1)

Advertisements

TED.com-ის ქართული თარგმანები

პირველ რიგში ორიოდე სიტყვით TED.com-ის  შესახებ. TED-მა სტარტი 1984 წელს აიღო, ყოველწლიური კონფერენციები კი დაიწყო 1990 წელს და მას შემდეგ მასპინძლობს მსოფლიოში წამყვან მეცნიერებს, პოლიტიკოსებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და სხვებს რომელთაც საშუალება ეძლევათ მაქსიმუმ 18 წუთში, რაც შეიძლება საინტერესოდ, ეფექტურად და კრეატიულად ისაუბრონ თავიანთი მიღწევების, ქმნილებების, წარმატებების, იდეების შესახებ და მისცენ რჩევები, რეკომენდაციები მრავალრიცხოვან აუდიტორიას.

TED.com-ის პირველი ვიდეო-საუბარი, 1984 წელი სონის კომპაქტ დისკის (Sony CD) პრეზენტაცია 

ვუყურებ TED-ის ვიდეოებს და მახსენდება ლექციები, რომელსაც უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში სხვადასხვა დროს ვესწრებოდი. ლექციების უმრავლესობა მოსაწყენი და ძილის მომგვრელი იყო, წიგნიდან ან კონსპექტიდან ამოკითხული უინტერესო, ათწლეულების დაძველების აკადემიური ტექსტით და ზარმაცი, სკამზე გაუნძრევლად მჯდომი ლექტორებით. თუმცა იყვნენ თითზე ჩამოსათვლელი ლექტორებიც (კერძოდ ორ თითზე), რომელთა ლექციების დროს აუდიტორია სავსე იყო, ისინი კარგად ფლობდნენ ორატორის ხელოვნებას, იცოდნენ როგორ უნდა ჩაეტიათ თავიანთ სათქმელი 45-50 წუთში, კომპაქტურად და რაც მთავარია ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად. მათი ლექციები გაჯერებული იყო საგნის ირგვლივ საინტერესო ისტორიებით, შიგადაშიგ იუმორით ან რამდენიმე წამიანი თემის შეცვლით, ჟესტიკულაციით, მიმიკით და აუდიტორიაში აქეთ-იქეთ სიარულით. მე არ ვამბობ რომ ლექტორი, ამ შემთხვევაში პირობითად სიტყვის წარმომთქმელი, მალაყებზე უნდა გადავიდეს, თუმცა თუ კი ასეთი საქმე აიღო თავის თავზე, ვფიქრობ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის რომ აუდიტორიას არ დაეძინოს, პირიქით მართოს დამსწრეთა ყურადღება და გაუღვივოს ინტერესი უწყვეტად. ამ მხრივ სერიოზული რეფორმებია ჩასატარებელი, გარდა იმისა რომ ბევრი მათგანი მთელი რიგი მიზეზების გამო პროფესიონალურ ასპექტში უბრალოდ გაიყინა, გადმოცემის უნარ-ჩვევები კიდევ ცალკე პრობლემაა.

Elizabeth Gilbert: Your elusive creative genius

TED.com-ის ყველაზე პოპულარული ვიდეო-საუბრების ოცეული .

ახლა რაც შეეხება TED.COM-ის თარგმანებს. იმისათვის რომ არაინგლისურენოვანი აუდიტორიისთვის ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი მასალა ხელმისაწვდომი ყოფილიყო, 2009 წლის მაისში დაიწყო TED-ის თარგმანის პროექტი. თავდაპირველად, პროექტის გასაშვებად პროფესიონალმა მთარგმნელებმა გადათარგმნეს რამდენიმე ათეული ვიდეო-საუბარი 20 ენაზე. ამის შემდეგ უკვე პროექტი მოხალისე მთარგმნელების მხრებზე დგას. დღევანდელი მონაცემებით თარგმანები შესრულებულია 94 ენაზე, იმუშავა 8580-მა მთარგმნელმა და დევს 33577 თარგმანი.

ყველაზე აქტიური მთარგმნელები:

trans

 ანვარ დაფა – ალა      ელს დე კეისერ         იდო დეკერს                     ანტონ ჰიკოვ 

ენა – არაბული               ენა – ჰოლანდიური       ენა – ებრაული                            ენა – ბულგარული

842 თარგმანი                838 თარგმანი         830 თარგმანი                               636 თარგმანი

ვიდეო-საუბრების თარიღების და ფორუმზე გახსნილი თემის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქართულენოვანი მოხალისეებიც მალე შეურთდნენ ამ კეთილ საქმეს და თავიანთი წვლილიც შეიტანეს. ამ დროისთვისTED.com-ზე დაახლოებით 100-მდე ვიდეო-საუბარი დევს ქართული სუბტიტრებით –   საუბრები ქართული სუბტიტრებით .
რასაკვირველია გაგიჩნდათ კითხვა თუ ვინ ამოწმებს თარგმანის ხარისხს. ამისთვის TED-მა მთარგმნელების დასახმარებლად შეიმუშავა შესაბამისი წესები. პირველ რიგში ვიდეო-საუბარს თან ახლავს პროფესიონალურად დამუშავებული (და სპიკერის მიერ დადასტურებული) ვიდეოს ინგლისურენოვანი ტექსტური ვერსია, ამგვარად ყველა მთარგმნელს აქვს ერთი მყარი, ტექსტური წყარო და არ ეყრდნობიან სმენით მიღებულ ინფორმაციას (რაც შეიძლება განსხვავდებოდეს). TED-ი მოითხოვს რომ გამოქვეყნებამდე თითოეული თარგმანი შემოწმდეს ამ ენაზე მოსაუბრე მეორე მთარგმნელის მიერ. ავტომატურად არაფერი ქვეყნდება საბოლოო სიტყვა TED-ს ეკუთვნის, ასევე მუშაობს ფიდბექის სისტემა თარგმანის ხარისხის სამომავლოდ გაუჯობესებისთვის.

ვინიცობაა თარგმნის სურვილი გაგიჩნდეთ, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ TED.com-ზე და გაეცნოთ წესებს, ეს ზუსტად ის ერთ-ერთი შემთხვევაა როდესაც უფასოდ თარგმნა ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია. 😉

რამდენიმე ვიდეო-საუბარი ქართული სუბტიტრებით –

მოვახდინოთ რევოლუცია განათლებაში!

არიანა ჰაფინგტონი: როგორ უნდა მიაღწიოთ წარმატებას? მეტი იძინეთ.

შერილ სენდბერგი: ” რატომ არიან ჩვენს შორის ასე ცოტა მმართველი ქალბატონები? “

ერთი სიტყვით, თუ იცით ინგლისური ენა ცოდნას გაიმრავალფეროვნებთ, თუ ახლა სწავლობთ გაიუმჯობესებთ სმენით უნარ-ჩვევებს ინგლისურ ენაში, ხოლო თუ არ იცით, შეგიძლიათ ქართულად ან სხვა ნაცნობ ენაზე დატკბეთ ამ ვიდეო-საუბრებით.  😉


რატომ უნდა ვთარგმნოთ უფასოდ

“იქნებ ცოტა დააკლოთ, ბევრი მექნება სათარგმნი სამომავლოდ”

“აუჰ! რატომ ასე ძვირი, სულ რამდენიმე წინადადებაა სათარგმნი, შემდეგ მეორდება, დანარჩენი კი ცხრილებია” (!)

“რას აკეთებთ განსაკუთრებულს, სხედხართ კოხტად კომპიუტერთან და უკაკუნებთ”

მსგავს ფრაზებს მრავლად მოისმენთ იმ ადგილას, სადაც მე ვმუშაობ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, მომხმარებლების მნიშვნელოვანი ნაწილი ალმაცერად უყურებს ჩვენს საქმიანობას და მიაჩნია, რომ ის გაცილებით იაფია, ვიდრე ჩვენ ვაფასებთ, არადა ჩვენ გაცილებით იაფად ვაფასებთ ვიდრე ღირს რეალურად ჩვენი შრომა.

მარტა სტელმაჟაკის, ჩემი პოლონელი კოლეგის მსგავსად, სიმართლე გითხრათ ფასდაკლებას სულ უფასოდ თარგმნა ჯობია. იმას მაინც ფიქრობ ვიღაცას კეთილად დაეხმარე და მადლობას გეტყვის ფასდაკლების გარეშე (ან არ გეტყვის). ამგვარად, იმას მაინც არ აფიქრებინებ ხალხს, რომ აი, თურმე შესაძლებელი ყოფილა ფასდაკლება და ესე იგი ასეც ღირს შენი შრომა.

ვისაც ერთხელ მაინც უთარგმნია თუნდაც ფურცლის ნაგლეჯი, დამეთანხმება რომ მთარგმნელის შრომა მართლაც საკმაოდ რთულია (სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სიმძიმის).

და მაინც, როდის და რატომ უნდა ვთარგმნოთ უფასოდ?

პირადი დაინტერესება – თარგმნა მეგობრებისთვის და ოჯახის წევრებისთვის – უახლოესი ადამიანებისთვის ცხადია ერთ წუთითაც არ დავფიქრდები და დავეხმარები;

მაგრამ საქართველოში ოჯახის წევრებში ვგულისხმობთ დედის თუ მამის ხაზის აღმავალ, დაღმავალ, აწ ამომავალ თუ ჩამავალ შტოებს 😀 ეს მეტად მტკივნეული თემაა. ყვავი ჩხიკვის მამიდა, რომელსაც მხოლოდ მაშინ ახსენდები როდესაც შენი დახმარება სჭირდება;

არა მხოლოდ მთარგმნელობით სფეროშია მსგავსი პრობლემა, ერთი ნაცნობი მყავს საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, 10–დან 7–ს უფასოდ ემსახურება, შენი ჭირიმეს და გადამეხადოს ფარგლებში.

10–დან 7–ს რომ მეც უფასოდ მოვემსახურო, არათუ მინიმალურ ხარჯებს ვერ გავისტუმრებ, არამედ ვალებსაც კარგად დავაგროვებ. ასე რომ უფასო სერვისს განსაკუთრებით ყურადღებით ვეკიდები.

“აბა მე დღეს ვის რა ვარგე”–ს ფაქტორი – საქველმოქმედო თარგმანი. დარწმუნებული ვარ უამრავი საქველმოქმედო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს, რომელიც ხელგაშლილი შეეგებება თქვენს თარგმანებს. შეგრნება რომ ვიღაცას დაეხმარეთ და კეთილი საქმე გააკეთეთ თავისუფალ დროს, ნამდვილად ძალიან სასიამოვნო და საამაყოა. რა თქმა უნდა ქველმოქმედება ზღვარს არ უნდა გადავიდეს და უფასო თარგმანების ჭარბმა რაოდენობამ ისე არ უნდა დაგცეთ ბეჭებზე, რომ მარილიანმა ლუკმამაც კი ვერ მოგაბრუნოთ.

გამოცდილება – მდგომარეობა, რომელიც დღეს ძალიან ბევრს აკლია, განსაკუთრებით კი დამწყებ სპეციალისტებს, სტუდენტებს, ახალ კურსდამთავრებულებს. დროულად მოსწრების, ხარისხიანად თარგმნის, მრავალფეროვანი თემატიკის გამოცდილება, რაც მოაქვს მხოლოდ და მხოლოდ ბევრ მუშაობას, თუნდაც სრულიად უფასოდ და თუნდაც მინიმალურ ფასად.

სტუდენტობის პერიოდში მიწევდა თარგმნა, ინგლისურიდან, რუსულიდან, როდესაც ვამზადებდით, კონსპექტებს, საკურსოებს, ვემზადებოდით გამოცდებისთვის, ვინაიდან ქართულ ენაზე არ არსებობდა საკმარისი მასალები, მაგრამ ეს იყო თარგმანები ჩემთვის და არა შეკვეთა, რასაც დიდი ხალისით და სიამოვნებით ვაკეთებდი.

პროფესიული განვითარება – თუ მოხდა ისე, რომ თქვენ შეგიმცირდათ ან აღარ გაქვთ ფასიანი შეკვეთები, თქვენი პროფესიული განვითარებისთვის და ცოდნის შენარჩუნებისთვის ჯობია, კვლავ დაეხმაროთ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, ბავშვთა ბიბლიოთეკისთვის, სახლებისთვის ანუ მათ ვინც თქვენი თარგმანით ფინანსურ სარგებელს არ იღებს და ვისაც არ აქვს შესაბამისი ფინანსური საშუალება და სჭირდება თქვენი დახმარება.

წარმატებებს გისურვებთ!  

 


8 მითი თარჯიმნების შესახებ

1. თარჯიმანი = ქალი

თარჯიმნები მხოლოდ ქალები არიან, რადგან მხოლოდ ისინი არიან ლინგვისტური ნიჭით დაჯილდოებულნი. მამაკაცებისგან განსხვავებით ქალები უფრო მომთმენი ხასიათით გამოირჩევიან.

ეს ასე არ არის, მართალია პროცენტულად, ალბათ უფრო მეტი ქალი თარჯიმანი შეგვხდებათ, მაგრამ მამაკაცი თარჯიმნებიც არიან და გონებრივის გარდა, შეიძლება ითქვას უფრო მეტი ფიზიკური რესურსი აქვთ, განსაკუთრებით ზეპირი თარგმანებზე მუშაობის დროს.

2. თარჯიმანი + სათვალე

თარჯიმნები ძალიან ბევრს კითხულობენ და წერენ, დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან, ხშირად ღამეების გათევაც უწევთ . . . ნაკლებად ხშირად ღამისთევა ერთმანეთს მისდევს, ასე რომ ისინი აუცილებლად ატარებენ სათვალეს!

თუ თქვენ თარჯიმანი ხართ და არ ატარებთ სათვალეს, გადაიღეთ სურათი ან/და დაწერეთ ბლოგპოსტი, ამგვარად დაამსხვრევთ მითს თარჯიმნისა და სათვალის განუყრელობის შესახებ.

პ.ს. არ ვატარებ სათვალეს 😉
(more…)


Bing თარჯიმანი

ბინგი და Fეისბუქი დაძმობილდნენ და გაუდგნენ გზას; ძმურად მოგზაურობის შედეგებიც სახეზეა, მაგალითად ბინგის რუქა, რომლის მეშვეობით Fეისბუქზე მარტივად აფიქსირებთ თქვენს ადგილმდებარეობას;

Fეისბუქის გვერდებზე ახლა უკვე ბინგის თარჯიმანიც გამოჩნდა. ეს სიახლე Fეისბუქის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს „translate“ ღილაკზე დაწკაპუნებით თარგმნონ ნებისმიერი კონტენტი; ახალ სერვისს, როგორც აღვნიშნე უზრუნველყოფს Bing Translator/Microsoft Translator.

„Translate“ ღილაკზე დაწკაპუნებით იხსნება „popout“ ფანჯარა. მომხმარებლებს შეუძლიათ შესთავაზონ თარგმანის საკუთარი ვერსია, რაც ჩანაცვლდება იმ შემთხვევაში თუ კი მიიღებს დადებითი ხმების საკმარის რაოდენობას.

გვერდის ადმინისტრატორებს შეუძლიათ გააკონტროლონ მათი გვერდის კონტენტის თარგმანი, გვერდის შიდა პარამეტრებიდან ე.ი. მონიშნონ თარგმანის სასურველი წყარო და ასევე დაბლოკონ აბეზარი მთარგმნელები J

ამჟამად, „Translate“ ღილაკი ჩნდება ესპანური, კორეული, იაპონური, რუსული, ტაივანური და ჩინური ენების მომხმარებლებისთვის. თუმცა, Bing Translator მოიცავს 37 ენას და სავარაუდოდ Fეისბუქის ადმინისტრაციასაც უახლოეს გეგმებში აქვს აღნიშნული ენების დამატება.

 

 

 

იხილეთ მეტი


ბლოგი მზადების პროცესშია

პერიოდულად შემოგთავაზებთ თარგმანებს, სიახლეებს მთარგმნელობით და სხვა მასთან დაკავშირებულ სფეროებში, გაგიწევთ კონსულტაციებს, შეძლებისდაგვარად ვუპასუხებთ თქვენს კითხვებს და დაგეხმარებით.  🙂